წარუმატებელი ბლიცკრიგი, თუ რუსეთის „საიდუმლო ხელი“?

1294

ოთხდღიანი ომი

თათულ აკოფიანი, სტეფანაკერტი

http://www.jam-news.net/Publication/Get/ka-GE/1647

თალიში: ნანგრევების ისტორია

1992 წლიდან სომხური სოფელი თალიში ორჯერ დაინგრა და ამ სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია ორჯერ გახდა საჭირო. პირველი ევაკუაციის დროს არამ ოგანიანი თავის შვილების გადარჩენას ცდილობდა, მეორე ევაკუაციის დროს კი – შვილიშვილების.
«ჩემს შვილიშვილებს ტანით გადავეფარე, რათა სეტყვასავით წამოსული ჭურვებისგან დამეცვა. ყველა ნივთი მოვაგროვე, რაც გადარჩა. სხვაგან გადავყავართ», – თქვა ოგანიანმა.

თალიში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი დასახლებული პუნქტია მთიან ყარაბაღში. 1992 წელს, როდესაც აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა შტურმით აიღეს სოფელი, ოგანიანმა ეს ადგილი დატოვა, რათა ბავშვებიც გადაერჩინა და თავადაც გადარჩენილიყო. სწორედ მაშინ დატოვეს ეს ადგილები სხვა მოსახლეებმაც – სულ დაახლოებით 40 ათასმა სომეხმა.

აზერბაიჯანის ჯარი თალიშს თითქმის ორი წლის მანძილზე აკონტროლებდა. 1994 წლის აპრილში, როდესაც სომხურმა ძალებმა მოწინააღმდეგე აიძულეს, უკან დაეხია, ოგანიანი და სხვა დევნილების ნაწილი დაბრუნდნენ და საკუთარი დანგრეული სახლები აღადგინეს.

2016 წლის 2 აპრილს, როდესაც აზერბაიჯანის არმია თალიშის მიმართულებით ინტენსიურ სროლებს ახორციელებდა, ოგანიანებს – ცოლ-ქმარს, მათი რძალსა და სამ შვილიშვილს (რომელთაგან უმცროსი 4 თვისაა) საკუთარ ოთახებში ეძინათ. მათი ვაჟი სამხედრო მოსამსახურეა და იმ ღამეს პოსტზე იყო.

«ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდნენ. აფეთქებებისგან შეშინებულები ხმამაღლა ტიროდნენ. ჩემმა რძალმა ოთხი თვის ბავშვი ხელში აიყვანა და მთელი ტანით გადაეფარა, მე და ჩემი ცოლი კი დანარჩენ ორ ბავშვს გადავეფარეთ.», -ამბობს თავის დანგრეულ სახლში მდგარი ოგანიანი.

თალიში მთიანი ყარაბაღის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და აზერბაიჯანულ სოფლებს ესაზღვრება. დაბომბვიდან რამდენიმე საათში სოფლის მოსახლეობა ამ დასახლებული პუნქტიდან გაიყვანეს. სოფლის განაპირა უბანში მდგარ სახლებში რამდენიმე მოხუცი დარჩა. 2 აპრილს, დილით სოფელში აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი შემოიჭრა. როგორც მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებები იტყობინებოდნენ, მათ სამი მოხუცი მოკლეს და გარდაცვლილებს ყურები დაათალეს.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს რამდენიმე სამხედრო პოსტი, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ სომხებმა უკან დაიბრუნეს. შეხების ზოლის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აზერბაიჯანელებმა ლელე თეფეს სიმაღლე და ხუთი საყრდენი პოსტი აიღეს.

როგორ დაიწყო ოთხდღიანი ომი

1-5 აპრილის ომმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შედეგად ასობით დაღუპული და დაჭრილი ადამიანი მოუტანა. თუმცა, ეს შემთხვევა მოულოდნელად არ უნდა ჩავთვალოთ, იმიტომ რომ 1994 წლის მაისის (სწორედ მაშინ მოეწერა ხელი უვადო ზავს) შემდეგ მხარეებმა შეჯიბრი დაიწყეს შეიარაღებაში. მთლიანობაში მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა, აზერბაიჯანს კი არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ მზად იყო, კონფლიქტი სამხედრო გზით დაესრულებინა.

 

ოთხდღიანი ომის განმავლობაში მხარეებმა ადამიანურ დანაკარგებთან ერთად მატერიალური და სამხედრო ზარალიც იწვნიეს. თუმცა, იმ უმნიშვნელო ტერიტორიას თუ არ ჩავთვლით, რომელიც აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა, 1994 წლის სტატუსკვო არ შეცვლილა.

როგორ დაიწყო ომი? გთავაზობთ ოთხ შესაძლო სცენარს

პირველი სცენარი: დივერსიული ოპერაციიდან ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებამდე

1-2 აპრილის ღამით თალიშში აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი შეიჭრა, მაგრამ მათი მანევრი წარუმატებლად დასრულდა. მათ დასახმარებლად გამოეშურა აზერბაიჯანული ვერტმფრენი Mi 24/35, რომელიც მრავის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე ჩამოაგდეს. ამდენად, სამხედრო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის შეხების ზოლის მთელ პერიმეტრზე გაიშალა. მხარეები მძიმე არტილერიას (მათ შორის „სმერჩისა“ და „გრადის“ სახელით ცნობილ ზალპური ცეცხლის სისტემებს) იყენებდნენ. იბომბებოდა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტები.

არ იყო გამორიცხული, რომ სოფელ თალიშისა და მატაგისის აღების შემთხვევაში, წარმატებით ფრთაშესხმული აზერბაიჯანული ჯარები სხვადასხვა მონაკვეთებზე შეჭრილიყვნენ და, ძირითადად, აგდამ-სტეფანაკერტის მიმართულებით გაეგრძელებინათ მსვლელობა.

მეორე სცენარი: ვერშემდგარი ბლიცკრიგი

აზერბაიჯანი შეეცადა, ბლიცკრიგი განეხორციელებინა და სომხური დასახლებები ან რაიონები ჩაეგდო ხელთ. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ პირველი აპრილის წინა დღეს აზერბაიჯანმა შეხების ზოლის მთელ პერიმეტრზე მძიმე ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ინტენსიური გადაადგილებები აწარმოა. მთიანი ყარაბაღის ლიდერი, ბაკო სააკიანი ამტკიცებს, რომ კონტრდაზვერვის წყალობით, ყარაბაღის მხარე ამ გადაადგილებების შესახებ ინფორმირებული იყო. აზერბაიჯანული ბლიცკრიგი ჩაფლავდა.

მესამე სცენარი: რუსეთის „საიდუმლო ხელი“

ამ დღეებში დასავლელი და, ნაწილობრივ, სომეხი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების წრეებში განიხილებოდა ვერსია, რომლის მიხედვითაც სამხედრო შეტაკება რუსეთის მხრიდან იქნა პროვოცირებული იმისთვის, რომ მხარეებს სამხედრო მოქმედებების დასრულების მოთხოვნით მიემართათ მოსკოვისთვის. რუსეთს უნდა გაემართა შეხვედრა, რომლის შედეგადაც სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო და მომავალში კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ.

მართლაც, კრემლის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის გენშტაბების ხელმძღვანელები ერთმანეთს შეხვდნენ და სამხედრო მოქმედებები შეწყდა.’

მეოთხე სცენარი: თურქეთის “საიდუმლო ხელი“

სომეხი და, ნაწილობრივ, რუსი ექსპერტებისა და პოლიტოლოგების წრეებში აქტიურად განიხილება ვერსია, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ზოლში სამხედრო მოქმედებების წარმოება თურქეთის ინტერესებში შედიოდა. ამ მოსაზრებას მიემხრო რუსეთის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევიც. რთულია ცალსახად იმის თქმა, თუ რას ეფუძნება აღნიშნული ვერსია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – თურქეთი ღიად იცავს და მხარს უჭერს აზერბაიჯანს.

ანტირუსული დღეები სომხეთში

სომხეთი ანტირუსულ დღეებს განიცდის. ბევრს ეს შეიძლება შეუძლებლად და გასაოცრად მიაჩნდეს, მაგრამ ასეთია რეალობა. ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ყარაბაღის წინააღმდეგ იმ იარაღს იყენებს, რომელიც მოსკოვისგან იყიდა (და ახლაც ყიდულობს). სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას უზნეობა უწოდა.

რუსმა ჩინოვნიკებმა (მ.შ. პრემიერმინისტრმა და ვიცეპრემიერმა) აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებას არსებული შეთანხმებების შესაბამისად გააგრძელებენ. რუსეთის ოფიციალური პირები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ყარაბაღის მოსაზღვრე ის რაიონები, რომლებიც სომხური მხარის კონტროლის ქვეშაა. ეს რაიონები სომხების კონტროლის ქვეშ, ძირითადად, 1993 წელს გადავიდა, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლების სათავეში ილხამ ალიევის მამა, ჰეიდარ ალიევი იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყნის სტრტეგიული მოკავშირე, რუსეთის ფედერაცია აზერბაიჯანს აიარაღებს და პროპაგანდისტულ ზეწოლას იყენებს იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონებიდან სომხური ძალები გავიდნენ.

სერჟ სარგსიანისთვის რთული პერიოდი დადგა. როგორც ჩანს, სწორედ ამ სიძნელეებმა აიძულა იგი, თავის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსსა და დაუნდობელ მოწინააღმდეგეს, სომხეთის პირველ პრეზიდენტ ლევონ ტერ-პეტროსიანს შეხვედროდა. შეხვედრაზე, რომელიც პირველი პრეზიდენტის სახლში გაიმართა, მხოლოდ მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.

სტატიაში გამოთქმული აზრები და გამოთქმები, ასევე ტერმინოლოგია, მხოლოდ ავტორს ეკუთვნის, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

გამოქვეყნებულია 13.04.2016