მშვიდობა არ იქნება? ომი?

3786

ყარაბაღის კონფლიქტი სულ უფრო ხისტი და სახიფათო ხდება, მაგრამ მშვიდობისთვის ჯერ კიდევ არის დრო

თათულ აკოფიანი, ერევანი

JAM news, http://www.jam-news.net/Publication/Get/ka-GE/1612

 

პირველი მცდელობა: თავი ავარიდოთ ომს

1991 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირი უკვე რამდენიმეთვიან აგონიაში იმყოფებოდა. ერთი წლით ადრე, 1990 წლის აგვისტოში, სომხეთის პარლამენტმა და მისმა არაკომუნისტურმა ხელმძღვანელობამ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ამით რესბუბლიკის საბჭოთა კავშირიდან გასვლის მშვიდობიანი, სამართლებრივი პროცესი დაიწყო.

აზერბაიჯანმა და მისმა კომინისტურმა ხელმძღვანელობამ 1991 წლის მარტში საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირეს მხარი. მთიან ყარაბაღში, ისევე, როგორც ნახიჭევანში, საბჭოთა კავშირის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეფერენდუმი არ ჩატარებულა, თუმცა, აგვისტოს პუტჩმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 1991 წლის აგვისტოს ბოლოს აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამდენიმე დღის შემდეგ, 2 სექტემბერს კი საკუთარ სუვერენიტეტზე პრეტენზია მთიანმა ყარაბაღმაც გამოთქვა, რომელსაც სხვა ქვეყნები (მ.შ. სომხეთიც) არ აღიარებენ.

ბორის ელცინმა გადაწყვიტა, კონფლიქტში ჩარეულიყო. 1991 წლის ივნისში იგი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს. ელცინმა, რომელსაც გორბაჩოვთან მძაფრი პოლიტიკური უთანხმოება ჰქონდა, გადაწყვიტა, ყარაბაღის საკითხში შუამავალი გამხდარიყო. იმისათვის, რათა თავისი შუამავლობისთვის მეტი წონა და მნიშვნელობა მიეცა, იგი ყაზახეთის (სიდიდით მეორე სახელმწიფო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის) პრეზიდენტთან ერთად კავკასიას ეწვია. ამდენად, რუსეთის პირველი პრეზიდენტი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პირველი მცდელობის ინიციატორი გახდა.

21-23 სექტემბერს ელცინი და ნაზარბაევი ბაქოს ეწვივნენ და შემდეგ განჯის გავლით სტეფანაკერტში ჩავიდნენ, საიდანაც დელეგაცია ერევანში გაემგზავრა. სომხეთის დედაქალაქიდან ელცინი და ნაზარბაევი ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ქალაქ ჟელეზნოვოდსკში ჩავიდნენ, სადაც საერთო მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ოთხი პრეზიდენტი აწერდა ხელს: ელცინი, ნაზარბაევი, ლევონ ტერ-პეტროსიანი და აიაზ მუთალიბოვი. ყარაბაღის მხარე, რომელსაც რობერტ ქოჩარიანი, ლეონარდ პეტროსიანი და ვაგიფ ჯაფაროვი წარმოადგენდნენ, მოლაპარაკებებში დამკვირვებლების სახით იღებდნენ მონაწილეობას.

იმ პერიოდში ქოჩარიანი ყარაბაღის პოლიტიკური ლიდერი იყო და ამ რეგიონში ტერ-პეტროსიანის დასაყრდენს წარმოადგენდა. ლეონარდ პეტროსიანი მთიანი ყარაბაღის მთავარი ოფიციალური პირი გახლდათ – იგი საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ვაგიფ ჯაფაროვი შუშის მერი იყო. ეს ქალაქი აზერბაიჯანელებით დასახლებული ყველაზე დიდი პუნქტს წარმოადგენდა მთიან ყარაბაღში.

ომის თავიდან ასაცილებლად ჟელეზნოვოდსკის მემორანდუმი მხარეებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ურჩევდა:

  • „მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული ყველა ანტიკონსტიტუციური აქტის“ ბათილად ცნობა. საუბარია მთიანი ყარაბაღის საოლქო საბჭოს მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი საბჭოთა აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოსვლისა და საბჭოთა სომხეთთან მიერთების სურვილს გამოხატავდა. ასევე იგულისხმება აზერბაიჯანის მიერ 1989 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ლიკვიდირებულ იქნა.
  • ცეცხლის შეწყვეტა
  • ყველა შეიარაღებული ფორმირების (საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის გარდა) გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან

მემორანდუმი, რომელიც 10 პუნქტისგან შედგებოდა, 1992 წლის პირველ იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.

თუმცა, პირველ იანვარს მსოფლიო პოლიტიკურ რუკიდან პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფო, საბჭოთა კავშირი გაქრა. მიხაილ გორბაჩოვი გადადგა, საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარი კი, რომელიც იმ პერიოდში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სისხლისღვრის დაწყებისაგან თავის არიდების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა, კონფლიქტის ზონიდან გავიდა.

ომი: 1992 წლის იანვარი – 1994 წლის მაისი

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე სომხებმა და აზერბაიჯანელებმა გააჩაღეს ომი, რომელიც 1994 წლის მაისის ზავის დადებამდე გრძელდებოდა და 12 ათასზე მეტი აზერბაიჯანელისა და 6 ათასი სომხის სიცოცხლე შეიწირა.

შეიცვალა პოლიტიკური რუკაც. სომხები, რომლებიც ომის დაწყებამდე 4,4 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოთა სომხეთისათვის მიერთებაზე ოცნებობდნენ, 1994 წლის მაისში არამხოლოდ ამ რეგიონს, არამედ კიდევ 7 ათას კვადრატულ კილომეტრის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებდნენ – ხუთ აზერბაიჯანულ რაიონს (ლაჩინს, ქელბაჯარს, ქუბალთის, ჯებრაილსა და ზანგელანს) მთლიანად, და ორ რაიონს (აგდამსა და ფიზულის) ნაწილობრივ.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მთიანი ყარაბაღის მარტაკერტისა და მარტუნიის რაიონების ტერიტორიების ნაწილზე, მთლიანად შაუმიანის რაიონსა და გეტაშენის ქვერაიონზე დაამყარეს კონტროლი.

1994 წლის მაისის ზავის შემდეგ დღემდე საერთაშორისო შუამავლებმა კონფლიქტის მონაწილეებს ხუთი წინადადება, ან პროექტი შესთავაზეს. თითოეული მათგანი შემდეგ ოთხ ფუნდამენტურ ელემენტს ეფუძნებოდა:

  • მთიანი ყარაბაღის სტატუსი
  • სომხური ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაბრუნება
  • ლტოლვილებისა და დეპორტირებული პირების სახლებში დაბრუნება
  • უსაფრთხოების გარანტიები.

მეორე მცდელობა: დარეგულირების „პაკეტური“ და „ეტაპობრივი“ სქემები

1997 წელს ეუთოს თანათავმჯდომარეებმა ბაქოს, სტეფანაკერტსა და ერევანს თავიდან კონფლიქტის მოგვარების „პაკეტური“, შემდეგ კი „ეტაპობრივი“ სქემა წარუდგინეს.

1994 წლის მაისის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში (მოსკოვში, ჰელსინკში, ვენაში, პარიზში და ა.შ.) იმართებოდა ხოლმე. ზოგიერთი მასპინძელი ქვეყანა ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრი იყო, ზოგი კი ამ ჯგუფში არ შედიოდა. 1997 წლის იანვარში ეუთოს თანათავმჯდომარეების სამეულის ფორმირება მოხდა. აღნიშნულ სამეულში შევიდა სამი გეოპოლიტიკური ცენტრი – რუსეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი (რომელიც ევროკავშირის ინტერესებს წარმოადგენდა). 1994-97 წლებში მოლაპარაკების ყველა ეტაპზე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელი დელეგაციაც მონაწილეობდა.

აზერბაიჯანი ამ ფაქტს ვერ ურიგდებოდა, თუმცა, წინააღმდეგობას არ ავლენდა და მოლაპარაკებების პროცესს არ ამუხრუჭებდა. ფაქტობრივად, აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთდროულად სომხეთთან და მთლიან ყარაბაღთან, რომელთა პოზიციებიც მთელ რიგ ფუნდამეტურ საკითხებზე, ალბათ, არც დაემთხვეოდა. მოლაპარაკებებში შუშის უკანასკნელი აზერბაიჯანელი მერი, ნიზამი ბახმანოვიც იღებდა მონაწილეობას. ყარაბაღის დელეგაციისგან განსხვავებით, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან სომხეთისგან განცალკევებით იყო წარმოდგენილი, ბახმანოვი აზერბაიჯანულ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.

„ეტაპობრივი“ სქემა საჭირო გახდა იმიტომ, რომ სტეფანაკერტმა „პაკეტური“ სქემა კატეგორიულად უარყო. პაკეტური სქემა სომხეთისთვისაც მიუღებელი იყო, თუმცა, ერევანმა გადაწყვიტა, დოკუმენტის უარყოფის პრეროგატივა მთლიანად სტეფანაკერტისთვის დაეთმო.

„პაკეტური“ და „ეტაპობრივი“ შემოთავაზებები შემდეგ ქმედებებს მოიაზრებდა:

  • სომხური ძალების გამოყვანა მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე ყველა რაიონიდან – ლაჩინის გარდა (იგულისხმება არა კორიდორი, არამედ მთელი ლაჩინის რაიონი)
  • მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსება.
  • დეპორტირებული მოსახლეობის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

მთავარი განსხვავება „პაკეტურ“ და „ეტაპობრივ“ სქემებს შორის მთიანი ყარაბახის სტატუსის განმსაზღვრელი პუნქტი წარმოადგენდა. „პაკეტური“ სქემის მიხედვით, მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ავტონომიის მაღალი ხარისხი ენიჭებოდა, რაც ერევნისა და სტეფანაკერტისთვის მიუღებელი იყო. ამასთან, „ეტაპობრივი“ ვარიანტი სტატუსის პრობლემას საერთოდ არ ეხებოდა და ამ საკითხს სამომავლო განხილვების თემად ტოვებდა.

ბაქოში ორივე სქემა („პაკეტურიც“ და „ეტაპობრივიც“) მისაღებად ჩათვალეს. ერევანი „ეტაპობრივს“ დაეთანხმა, თუმცა – გარკვეული პირობებით; სტეფანაკერტმა ორივე წინადადება უარყო. ამჯერად, ეს ნაბიჯი სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინასწარ შეთანხმებულ ხრიკს არ წარმოადგენდა.

სტეფანაკერტის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ „პაკეტურ“ და ეტაპობრივ“ სქემებს შორის არსებითი სხვაობა არ არის, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში სტატუსის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ წყდება. პაკეტური შეთანხმების შემთხვევაში, ექვსი რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ მთიანი ყარაბაღი მხოლოდ ავტონომიის მაღალ ხარისხს მიიღებდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში. „ეტაპობრივი“ გეგმის განხორციელების შემთხხვევაში კი ექვსი რაიონი უბრუნდებოდა აზერბაიჯანს, სტატუსის საკითხი კი ჰაერში რჩებოდა გამოკიდებული. აშკარა იყო, რომ ექვსი რაიონის მიღების შემდეგ აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს სამომავლოდ არ მისცემდა იმ დამოუკიდებლობას, რისკენაც სტეფანაკერტი მიისწრაფვოდა.

1997 წლის სექტემბრის ცნობილ პრესკონფერენციაზე და იმავე წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ტერ-პეტროსიანი ცდილობდა, დაერწმუნებინა სომხური საზოგადოება, რომ „ეტაპობრივი“ ვარიანტი წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც მთიანმა ყარაბაღმა შეიძლება მიიღოს. თუმცა, მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია არამხოლოდ საზოგადოებამ, არამედ საკუთარმა პოლიტიკურმა გუნდმაც. შედეგად, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარგსიანმა (რომელიც ორი წლის შემდეგ პარლამენტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა) და ხელისუფლების ყარაბაღულმა ფრთამ პრემიერმინისტრ რობერტ ქოჩარიანის მეთაურობით ტერ-პეტროსიანი, ფაქტობრივად, აიძულეს, გადამდგარიყო.

მესამე მცდელობა: „საერთო სახელმწიფო“

ერთი წლის შემდეგ, 1998 წლის ბოლოს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა დარეგულირების ახალი წინადადება წარადგინეს, რომელსაც „საერთო სახელწიფო“ დაერქვა. ამ დოკუმენტის ავტორი ევგენი პრიმაკოვი გახლდათ, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.

ერევანმა ეს წინადადება გარკვეული პირობებით მიიღო, სტეფანაკერტმაც მიიღო, მაგრამ ყარაბაღს ამ დოკუმენტთან მიმართებით ერევანზე ბევრად მეტი პირობა ჰქონდა. რაც შეეხება ბაქოს, აზერბაიჯანმა ეს გეგმა კატეგორიულად უარყო.

კონფლიქტის შედეგების ლიკვიდაციის საკითხში „საერთო სახელმწიფოს“ კონცეფცია მისი ორი წინამორბედი დოკუმენტისგან არაფრით განსხვავდებოდა. მთავარი განსხვავება იყო პუნქტში მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. წარმოდგენილი წინადადების დასაწყისში აღნიშნული იყო, რომ „მთიანი ყარაბაღი რესპუბლიკის ფორმით წარმოადგენს ტერიტორიულ-სახელწიფოებრივ წარმონაქმნს და აზერბაიჯანთან ერთად საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში საერთო სახელმწიფოს ქმნის“.

ამდენად, დოკუმენტის ავტორმა შემოქმედებითობა გამოავლინა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ ირღეოდა, მაგრამ, ამავდროულად, ამავე მთლიანობის ჩარჩოებში, მთიანი ყარაბაღი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ ერთეულად ყალიბდებოდა. იმ პერიოდში მთიან ყარაბაღზე საუბრისას დიპლომატიურ წრეებში ასეთი დახვეწილი ფორმულირება გამოიყენებოდა: «დე-იურე აზერბაიჯანის შემადგენლობის გარეთ არსებული, დე-ფაქტო – დამოუკიდებელი სახელმწიფო».

“საერთო სახელწიფოს“ მიხედვით, მთიან ყარაბაღს ექნებოდა დროშა, ჰიმნი და გერბი, ეყოლებოდა ეროვნული გვარდია და პოლიცია, სახელწიფო ენად კი სომხური გამოცხადდებოდა. მთიანი ყარაბაღის მოსახლეებს აზერბაიჯანული პასპორტები უნდა ჰქონოდათ, რომელზეც განსაკუთრებული ნიშანის სახით წარწერა „მთიანი ყარაბაღი“ იქნებოდა დატანილი. ყარაბაღის მოსახლეობას საშუალება ექნებოდა, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და მილი მეჯლისში საკუთარი წარმომადგენლები ჰყოლოდა. მთიან ყარაბაღს არ შეეძლო საკუთარი საელჩოები გაეხსნა საზღვარგარეთ და საკუთარი წარმომადგენლები ვერც აზერბაიჯანის საელჩოებში ეყოლებოდა.

ჰეიდარ ალიევმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება აზერბაიჯანისთვის მიუღებელი იყო, იმიტომ რომ რეალურად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო იქმნებოდა და ბაქოს სტეფანაკერტზე კონტროლი არ ექნებოდა. ბაქოდან სხვანაირი კომენტარებიც გაჟღერდა. ალიევის მრჩეველმა, ვაფა გულუზადემ განაცხადა, რომ თუკი აზერბაიჯანი ამ წინადადებას მიიღებდა, ყარაბაღელ სომეხს შეეძლებოდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გამხდარიყო.

მეოთხე მცდელობა: ტერიტორიების გაცვლა

1999 წლის გაზაფხულზე ქოჩარიანსა და ალიევს შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა რის საფუძველზეც 2001 წლის გაზაფხულზე შეიქმნა ე.წ.«კი-უესტის დოკუმენტი», რომელსაც არაოფიციალური ხასიათი ჰქონდა.

ეს დოკუმენტი, რომელიც აზერბაიჯანმა ამჯერადაც უარყო, წინა სამისგან განსხვავებით, არ გამოქვეყნებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს ვარიანტი ტერიტორიების გაცვლის კონცეფციას ეყრდნობოდა. მთიანი ყარაბაღს სომხეთისკენ მიმავალ ლაჩინის კორიდორი გადაეცემოდა, აზერბაიჯანი, კი კომპენსაციის სახით, ნახიჭევანამდე მისასვლელ სახმელეთო გზას მიიღებდა, რომელიც სომხეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, მეღრის რაიონში მდებარებს.

მთიანი ყარაბაღის მთლიანი ტერიტორია (4,4 ათასი კვ.კმ) სომხეთს უერთდებოდა, სომხეთის კონტროლის ქვეშ არსებული 7 ათასი კვადრატული კილომეტრი კი აზერბაიჯანს უნდა გადაცემოდა.

სხვათა შორის, კი-უესტის ნახევარკუნძული, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარეობს, ის ადგილია, სადაც ერნესტ ჰემინგუეიმ თავისი მშვენიერი ნაწარმოები, „მშვიდობით იარაღო“ დაწერა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ფორმატში „proximity talks“ – პრეზიდენტები პირისპირ არ ისხდნენ; ისინი სხვადასხვა ოთახებში იმყოფებოდნენ და ერთმანეთს მედიატორების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ.

შუამავლები ისმენდნენ იმას, თუ რას მოითხოვდნენ და რისი ეშინოდათ პრეზიდენტებს და ამის საფუძველზე კონფლიქტის მოგვარების პროექტს ქმნიდნენ. ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის მიზნით კი-უესტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ეწვია. უკანა გზაზე კი პრეზიდენტები ვაშინგტონში ჯორჯ ბუშმა მიიღო.

კი-უესტში ჩასვლამდე, ბაქოს აეროპორტში ჰეიდარ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მზად იყო, ანტარქტიდაზეც კი ჩასულიყო.თუმცა, შინ დაბრუნების შემდეგ ალიევმა კი-ესტში მიღწეული წინასწარი შეთანხმებების შესრულებაზე უარი განაცხადა. სომხეთში, მთიან ყარაბაღსა და სომხურ სათვისტომოში კი კოჩარიანი მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი მზად იყო აზერბაიჯანისათვის მიწები დაეთმო და მეღრიზე უარი ეთქვა.

მეხუთე მცდელობა: გადადებული რეფერენდუმი

2004 წლიდან მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელსაც „პრაღის პროცესს“ უწოდებენ. ერთი შეხვედვით, ისე ჩანდა, რომ 2006 წელს პარიზის მახლობლად მდებარე რამბუიეს ციხე-სიმაგრეში მხარეები საერთო პრინციპებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ.

პრაღის პროცესის მთავარი სიახლე იყო გადადებული რეფერენდუმის იდეა, რაც გულისხმობდა შემდეგს:

  • ყარაბაღის ძალებს ხუთ რაიონი უნდა დაეტოვებინა;
  • ქელბაჯარის დაბრუნება მთიანი ყარაბაღში რეფერენდუმის ჩატარების პარალელურად უნდა გადაწყვეტილიყო.

თუმცა, მოლაპარაკებები ამ შემთხვევაშიც ჩიხში შევიდა – ამჯერად იმის გამო, რომ მხარეებმა ქელბაჯარის დაბრუნების გრაფიკსა და მთიან ყარაბაღში რეფერენდუმის ჩატარების ვადებზე ვერ შეთანხმდნენ. კამათის საგანს წარმოადგენდა ლაჩინის კორიდორის საკითხიც.

2007 წლის ნოემბერში, მადრიდში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ერევანსა და ბაქოს გადასცეს დოკუმენტი, რომელიც 14 პუნქტისგან შედგება და, ზემოაღნიშნული ვერსიის მსგავსად, რეფერენდუმის გადადების კონცეფციას ეყრდნობა. ეს იყო მუშა დოკუმენტი, რომელსაც მოლაპარაკებების სხვადასხვა ეტაპზე ხან სომხეთი უარყოფდა, და ხანაც – აზერბაიჯანი ( იმის მიხედვით, თუ რომელი დეტალი იცვლებოდა).

აი, მადრიდის პრინციპების პუნქტები:

  • მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება პლებისციტით, რომელიც ყარაბაღის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, თავისუფლად და ზუსტად გამოხატოს თავისი ნება.
  • გარდამავალ პერიოდში, მთიანი ყარაბაღის საბოლოო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრამდე, მის მოსახლეობას განსაზღვრული უფლებები და პრივილეგიები ექნება.
  • აზერბაიჯანის მთელი ტერიტორია მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანს დაუბრუნდება .
  • შეთანხმებული სიგანის კორიდორი მთიან ყარაბაღს სომხეთთან დააკავშირებს
  • კონფლიქტით დაზარალებული რაიონებიდან გამოქცეულ ყველა დევნილსა და ლტოლვილს ნებაყოფლობით დაბრუნების უფლება ექნება.
  • საერთაშორისო სამშვიდობო ძალები რეგიონს დატოვებენ მაშინვე, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება შევა ძალაში.

დღეს

1994 წლიდან დღემდე მხარეებმა კერძო საკითხებზეც კი ვერ მოახერხე სპოზიციების შეჯერება. მეტიც, სამხედრო რიტორიკისა და მტრული პროპაგანდის წყალობით, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. ბოლო ორი წლის მანძილზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იმდენად ხშირად ირღვევა, იმდენად ხშირად აქვს ადგილი დივერსიულ ქმედებებსა და ერთმანეთის ტერიტორიების დაცხრილვას, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს.

უამრავი მიზეზი შეიძლება გავიხსენოთ. შეგვიძლია, ისინიც დავასახელოთ, ვისაც ბრალი მიუძღვის, მაგრამ მთავარი მიზეზი ისაა, რომ კონფლიქტის მხარეებს, რომლებიც მშვიდობისკენ მიისწრაფვიან, ამ მშვიდობის ფასის გადახდა არ სურთ. ხოლო ვიდრე საზოგადოებები არ იქნებიან მზად, ეს ფასი გადაიხადონ, მშვიდობა ვერ დაისადგურებს.

 

თათულ აკოფიანი – ჟურნალისტი, „ანისის სომხური კვლევების ცენტრის“ კოორდინატორი, ფონდ „სივილიტასის“ ექსპერტი, ავტორი წიგნებისა: „მწვანე და შავი: ყარაბაღული დღიური“ და „მზერა არარატიდან: სომხები და თურქები“.

გამოქვეყნებულია: 31.03.2016